23 აპრილი 2024,   15:48
ვრცლად
მომდევნო 10 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურისა და რეგიონების განვითარებაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში  ინფრასტრუქტურისა და რეგიონების განვითარებაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება. 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10 წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, 32 მილიარდი ლარი ინფრასტრუქტურას, გზებს, ხიდებს, წყალს მოხმარდება იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში შეიცვალოს მთლიანი სურათი.

“ვაგრძელებთ განვითარების გეგმების პრეზენტაციას. დღეს წარმოგიდგენთ ინფრასტრუქტურის და რეგიონების 10 წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციას. 

ჩვენი გეგმის მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე რეგიონების განვითარებაში. მოგეხსენებათ, რომ დღეს ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება ქვეყანაში. ეს არის გზების, ხიდების მშენებლობა. ზოგადად, ჩვენ დავიწყეთ ყველა მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროექტები. 63-ვე მუნიციპალიტეტში დაიწყება ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს რეალურად ევროპული განვითარების, ევროპული სულისკვეთების შეტანას ყველა მუნიციპალიტეტში.

ამას გარდა, გამოწვევები რჩება დღეს ჩვენს ქვეყანაში. თითქმის 3000-მდე სოფელს არ აქვს ხარისხიანი წყალი. გამოწვევად რჩება როგორც საქალაქთაშორისო, ისე შიდა გზების შენახვა- რეაბილიტაცია-აღდგენა, ასევე ცენტრალური მაგისტრალების მშენებლობის დასრულება, შესაბამისად, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მთავარი აქცენტი სწორედ რეგიონების განვითარებაზე და განახლებაზე იქნება მომდევნო წლების განმავლობაში.

32 მილიარდი ლარი მოხმარდება რეგიონების განვითარებას, ინფრასტრუქტურას, გზებს, ხიდებს, წყალს იმისთვის, რომ რეალურად ყველა მუნიციპალიტეტში შეიცვალოს მთლიანი სურათი, მთელი ქვეყნის მასშტაბით და რეალურად, ეს უნდა იყოს ევროპეიზაციის, განახლების, მოდერნიზაციის გეგმა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს დონორებთან. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მათ აქტიური დახმარებისთვის,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები