საქართველოში პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადა დასრულდა. აგროოლიმპიადის გამარჯვებულები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა დააჯილდოვეს.
აგროოლიმპიადაში სპეციალისტები, სტუდენტები, ფერმერები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ. საკონკურსო თემატიკა კი, 7 მიმართულებას - აგრონომია, ვეტერინარია, ღვინის ტექნოლოგია, სასურსათო ტექნოლოგია, მექანიზაცია, სატყეო საქმე და მოსწავლეებისთვის გაერთიანებული საკითხები (სოფლის მეურნეობა, ბიომრავალფეროვნება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია) მოიცავდა.
ელექტრონულ პლატფორმაზე, ოლიმპიადაში მონაწილეობის 755 მსურველი დარეგისტრირდა. ორ ეტაპად ჩატარებული ტესტირების შემდგომ, პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადის 37 გამარჯვებული გამოვლინდა.