ამერიკის შეერთებული შტატების საჩუქრით, Pfizer-ით იმუნიზაცია ხვალიდან დაიწყება. 3 დიდი ქალაქის გარდა, ვაქცინაციის პროცესში სხვა ქალაქებიც ჩაერთვებიან. Pfizer-ით ვაქცინაციაზე გუშინ დღის განმვლობაში 147 ათასამდე პირი დარეგისტრირდა, ჯავშანი კი 142 195 პირს დაუდასტურდა.
პრეპარატის საკმარისი რაოდენობა გადანაწილებულია უკვე რეგიონების მასშტაბით და დასაწყობებულია ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრებში. მაგალითად, აჭარაში არის 7 000-ზე მეტი დოზა Pfizer-ი ჩატანილი, ბათუმში 4 სამედიცინო დაწესებულებაა გამოყოფილი, ქობულეთში კი 2.
გარდა ამისა, დაემატა რამდენიმე ლოკაცია, სადაც იმუნიზაციის პროცესი Pfizer-ით ხვალ დილიდან დაიწყება, მათ შორის, ფოთი და გურია. გურიაში არის 360 დოზა ჩატანილი ყველა ადგილი არის დაჯავშნილი.
სამედიცინო დაწესებულებებში ამბობენ, რომ ისინი ყველანაირად მზად არიან, მათ შორის სამედიცინო პერსონალიც გადამზადებულია იმისთვის, რომ ხვალიდან იმუნიზაციის პროცესი სწორედ Pfizer-ით დაიწყონ.
სპეციალისტები მასობრივი იმუნიზაციის გააქტიურებაზე საუბრობენ იმ ფონზე, როდესაც დელტა შტამი დღითიდღე უფრო ძლიერდება ქვეყანაში. დღის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების 40-50% სწორედ დელტას შტამისაა. მედიკოსები საუბრობენ იმაზე, რომ სხვა ფარი ქვეყანას, გარდა იმუნიზაციის პროცესისა არ გააჩნია.
"ეს იქნება ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა მზად არის თუ არა ქვეყანა იმისათვის, რომ დღიურად 15-20 ათასი ადამიანის ვაქცინაცია განახორციელოს. ეს არის ის ციფრი, რაც არის საჭირო ერთი თვის განმავლობაში 500 ათასი ადამიანის ვაქცინაციისთვის, რაც საბოლოო ჯამში მოგვცემს შესაძლებლობას წლის ბოლოსათვის შევქმნათ მოსახლეობის იმუნური ფენა და მოგვცემს შესაძლებლობას ვთქვათ, რომ პანდემია ქვეყანაში აღარ გაგრძელდება," - განაცხადა მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.