სამართალდამცველებმა ხობში რამდენიმე მოჭიდავე დააკავეს - "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია.
შემთხვევა ხობის ცენტრში მოხდა. სასურსათო მაღაზიასთან მყოფ რამდენიმე პირს პოლიციამ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რა დროსაც მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს. მსოფლიო ჩემპიონს, ნუგზარ წურწუმიას და მოჭიდავე ნიკა ყორშიას წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 3-დღიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს. მათ ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან.
რაც შეეხება ინციდენტში მონაწილე კიდევ ორ პირს - ზაზა დათეშიძეს და ვარლამ კვარაცხელიას, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე პრიმა მუხლით წარედგინათ, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დათეშიძის და კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიების საკითხს ფოთის რაიონული სასამართლო განიხილავს.