ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, აშშ საქართველოს დახმარებას ვირუსთან ბრძოლაში მომავალშიც გააგრძელებს.
"ვაქცინაცია თავდაცვის საუკეთესო გზაა თქვენთვის, საყვარელი ადამიანების და ეკონომიკური მდგომარეობის დაცვისთვის.
შეერთებული შტატები მოხარულია, რომ საქართველოში 500 ათასი დოზა "ფაიზერის" ვაქცინის დონაცია განახორციელა. გვიხარია, რომ ამდენი ქართველი მოდის და იცრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავთ, რომ დელტა შტამი უკვე საქართველოშია, ინფექციის შემთხვევები კი იზრდება. ვაქცინაცია თავდაცვის საუკეთესო გზაა, ასევე, თქვენთვის საყვარელი ადამიანების და ეკონომიკური მდგომარეობის დაცვისთვის. შეერთებული შტატები პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეხმარება საქართველოს ვირუსთან ბრძოლაში, რასაც მომავალშიც გააგრძელებს,"- აცხადებს კელი დეგნანი.
იმუნიზაციის პროცესს ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც. თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ კვირის ბოლომდე დამატებით ვაქცინაციის ცენტრების გახსნა იგეგმება იმისათვის, რომ ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს.