კორონავირუსით შეიძლება დავინფიცირდეთ, მაგრამ იმისთვის რომ მკურნალობის პროცესში გადავრჩეთ აუცილებელია ვაქცინაცია. მთელს მსოფლიოში ჯერ იმაზე ფიქრობდნენ როგორ შეექმნათ კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინა, ახლა კი სამყარო სხვა გამოწვევის წინაშე დადგა - ვაქცინები არის, მოსახლეობის დარწმუნებას კი დიდი დრო მიაქვს.
პრობლემის გადასაჭრელად ქვეყნები სხვადასხვა გზას მიმართავენ, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური წახალისების პროგრამა აღმოჩნდა. ბიზნესსექტორი ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის აქციებს იგონებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას - დონატიდან კონკრეტულ თანხამდე - პრიზი ვაქცინისთვის მრავალფეროვანია.
ამგვარ იდეებზე უკვე საქართველოშიც ფიქრობენ. ჯარისკაცების, პოლიციელების, ექიმების თუ სხვადასხვა საჯარო უწყებაში დასაქმებული პირების სექტორული ვაქცინაციის შემდეგ ბიზნესი - როგორც ირკვევა სახელმწიფოს გეგმა ასეთია. საკოორდინაციო საბჭო მუშაობს გადაწყვეტილებებზე, რომ, მაგალითად, მსხვილ ბიზნესორგანიზაციებს თუ საწარმოებს ვაქცინაციის კაბინეტები სამუშაო ადგილზევე გაუხსნან.