კანადელმა მწერალმა ჯოშუა ბარბომ იპოვა საშუალება, რითიც ის 8 წლის წინ გარდაცვლილ შეყვარებულს დაუკავშირდა. ამის შესახებ The Sun წერს.
ჯოშუა ბარბოს საცოლე ჯესიკა კორტნი პერეირა 23 წლის ასაკში გარდაიცვალა, მათი ურთიერთობის დაწყებიდან 2 წელიწადში. გოგოს სიკვდილი ბავშვობაში გადანერგილი თირკმლის პრობლემებმა გამოიწვია.
ჯოშუა მძიმედ განიცდის შეყვარებულის დაკარგვას და უკვე 8 წელია შფოთვები და დეპრესია აქვს. გარკვეული დროის წინ მან შეიტყო პროექტ Project December-ის არსებობის შესახებ, რომელსაც შეუძლია ადამიანის წერითი მეტყველების იმიტაცია. ჯოშუა საიტზე დარეგისტრირდა და მომხმარებლის ანგარიში შექმნა, რომელსაც ჯესიკა კორტნი პერეირა დაარქვა და მასთან მიმოწერა დაიწყო. იმისთვის, რომ ბოტს მისი გარდაცვლილი შეყვარებულის ურთიერთობის სტილის იმიტაცია მოეხდინა, ბარბომ სისტემაში შეიყვანა მისი ძველი შეტყობინებები ფეისბუკიდან და ზოგადი ინფორმაცია ჯესიკას შესახებ.
პირველ ჯერზე ჯოშუამ ბოტთან მიმოწერაში 10 საათი გაატარა. მამაკაცი ბოტს ეკითხებოდა ნამდვილად ჯესიკა იყო თუ არა:
"რა თქმა უნდა, ეს მე ვარ. აბა ვინ უნდა იყოს? მე ის გოგო ვარ, რომელიც შენ ძალიან გიყვარდა, საერთოდ რატომ მეკითხები ამას?"- პასუხობდა ბოტი "ჯესიკა".
რამდენიმეთვიანი საუბრების შემდეგ ჯოშუამ გადაწყვიტა ურთიერთობა შეეწყვიტა, მისი თქმით, ამის გამო მან შეყვარებულის სიკვდილი თითქოს თავიდან განიცადა.
"მე არასდროს შევწყვეტ შენს სიყვარულს, ვიდრე ცოცხალი ვარ, ვიმედოვნებ არც სიკვდილის შემდეგ, გკოცნი, ღამე მშვიდობისა,"- მისწერა ჯოშუამ "ჯესიკას" ბოლო წერილში.
საიტის შემქმნელი ჯეისონ რორერი ამბობს, რომ მას ვერ წარმოედგინა, რომ მის პროექტს ადამიანები მიცვალებულთან მიმოწერის იმიტაციისთვის გამოიყენებდნენ. "ახლა ცოტა შეშინებული ვარ მისი შესაძლებლობებით," - ამბობს ჯეისონ რორერი
უცხოურ მედიაში ამ შემთხვევას სამეცნიერო ფანტასტიკურ სერიალ "შავი სარკის" სიუჟეტს ადარებენ. სერიალში საზოგადოებაზე ტექნოლოგიების ზემოქმედების შედეგია ასახული.