რესპუბლიკურმა საავადმყოფომ და ბოჭორიშვილის კლინიკამ აცრებისთვის განკუთვნილი შესაბამისი ზონები გამოყო. კლინიკებმა ეზოში ორი კარავი განათავსეს, რომელიც განკუთვნილია ვაქცინირებული პირებისთვის.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე ამბობს, რომ ბოლო 24 საათში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო და ფიქრობს, რომ დაგეგმილ ნიშნულს ქვეყანა მალე მიაღწევს.
"ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული, რაც ძალიან პოზიტიურია და მე ვთვლი, რომ ჩვენ ძალიან მალე დაგეგმილ ნიშნულს მივაღწევთ. გუშინ, საერთო რაოდენობა დღიურად აცრილებისა იყო 2500-ზე მეტი. 15 კაბინეტი 12 საათიან რეჟიმში Pfizer-ზე მუშაობს. Pfizer-ზე კვლავ განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა. იცით, რომ დამატებით ჯავშნებიც დაემატა გუშინ საღამოს და მოქალაქეები თავისუფლად ახერხებენ დაჯავშნას,“ - აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე იმუნიზაციის გაზრდილ ტემპზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ორჯერადად ვაქცინირებული მოქალაქეების ზრდა რეალისტური ამოცანაა.
"ფაქტია, რომ ეს ტემპი არის მისაღები. რიცხვის გაზრდა აბსოლუტურად რეალისტური ამოცანაა. თუ ეს ესე გაგრძელდა, მაშინ აგვისტოსთვის ჩვენ უფრო მეტი ადამიანი დაგვიგროვდება ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დელტა ვარიანტის გავრცელების შეჩერების ერთადერთი რესურსი არის გაზრდა ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის,“ - აცხადებს ივანე ჩხაიძე.