მაღალია ინფიცირებულთა მაჩვენებელი, მაგრამ გაორმაგდა აცრილთა რაოდენობაც, ბოლო 24 საათში ვაქცინირებულ პირთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 17 133 მოქალაქე დაფიქსირდა.
მასობრივი ვაქცინაციისთვის თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ორი კარავი დადგეს, იმუნიზაციის პუნქტები გაიხსნა ბათუმშიც. სავაჭრო მოლში მისულ მოქალაქეებს ჩინური ვაქცინებით აცრა რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ.
ერთ თვეში ჯანდაცვის სპეციალისტები ქვეყნის მოსახლეობის 20 პროცენტის იმუნიზაციას ვარაუდობენ.
ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმუნიზაციის პროცესზე ესაუბრა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი მედიკოსებს და მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში უფრო მეტ აქტიურობას სთხოვს.