სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მეღვინეობის სექტორში რთული სიტუაცია ყველა ქვეყანაშია შექმნილი, მიუხედავად ამისა, ქვეყანას აქვს ზრდა და წელს ველოდებით ექსპორტის მონაცემების გაუმჯობესებას.
"ჩვენ ველოდებით დაახლოებით 300 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავებას ინდუსტრიულად. ეს იქნება ალბათ მაქსიმუმი, რაც ჩვენ დამოუკიდებლობის პირობებში გვქონდა, ეს იქნება მორიგი რეკორდი.
ექსპორტი უნდა გავასამმაგოთ შემდგომი 10 წლის პირობებში, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სანედლეულო ბაზრის ზრდა და შესაბამისად, ის ტენდენცია, ვენახების გაშენების და ახალი წარმოებების შექმნის ქვეყანაში, უნდა გაგრძელდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებაა ალბათ, რომ ჩავერიოთ, დავაბალანსოთ.
ბიუჯეტში გამოყოფილია 100 მილიონი ლარი ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის საკმაოდ დიდი რიცხვი, მაგრამ ეს არის აუცილებელი საჭიროება იმისთვის, რომ სექტორის ეს სტაბილურობა შევინარჩუნოთ," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.