შემოდგომიდან ეპიდსიტუაცია უფრო დამძიმდება - ამის შესახებ ეპიდემიოლოგები აცხადებენ. მედიკოსები შემთხვევების მატების მთავარ მიზეზად რეგულაციების შეუსრულებლობას ასახელებენ და განმარტავენ, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება ძალიან საყურადღებოა.
"შემოდგომაზე, როდესაც გაცილებით გაიზრდება მობილობა, ეს იქნება უნივერსიტეტები, სკოლები, ბაღები, ამ შემთხვევაში დატვირთვა გაცილებით მეტი იქნება და თუ არ მოვახერხეთ ის, რომ შევამცირეთ დღიური მაჩვენებელი, ჩვენთვის გაცილებით რთული იქნება. სტაციონარებსაც აქვს მისი მაქსიმალური რესურსი, რომლის ამოწურვის შემდეგ უკვე დავდგებით ძალიან მწვავე რეალობის წინაშე,“ - ამბობს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტი ეკა ჭოლაძე.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას ვაქცინაციისა და არსებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
"ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად საყურადღებოა. ეს გამოწვეულია რეგულაციების და რეკომენდაციების უგულებელყოფით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში მეოთხე ტალღა არის. იმიტომ, რომ ეს მაჩვენებელი ცალსახად ამაზე მიუთითებს. სანამ არ აღმოიფხვრება კორონავირუსული სიტუაცია, გვმართებს მეტი სიფრთხილის დაცვა და იმუნიზაცია," - ამბობს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი, ნათია გორდაძე.