დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინ, დაახლოებით 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე. მისი თქმით, აიტი სამსახურთან ერთად ახლა მიმდინარეობს შესწავლა, რა იყო გაუქმების მიზეზები. გამყრელიძე ამბობს, რომ შეიძლება რაღაც ეჭვი იყოს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს.
მისივე ინფორმაციით, დღეს უკვე ნახევარ მილიონზე მეტი, 523 000 აცრაა ქვეყანაში ჩატარებული.
"აქედან სრულად, ანუ ორჯერადად აცრილია 165 000 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 5.8 პროცენტს შეადგენს. გუშინ 24 საათში გვქონდა 16 677 აცრა. მნიშვნელოვანი მიგნებაა ბოლო ორი დღის ასევე ის, რომ გუშინ გვქონდა ჩვენ 19 000 ჯავშანი და დაახლოებით 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე ან არ ჩაიტარა აცრა. ამიტომ ახლა ჩვენ, ჩვენს აიტი სამსახურებთან ერთად ვსწავლობთ ამას, გაუქმების მიზეზები რა იყო. ესეც მნიშვნელოვანია, რადგანაც შეიძლება, რაღაც ეჭვი იყოს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს. თუმცა, არის მეორე, რომ რადგან ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი გვაქვს, შეიძლება, ადამიანები ინფიცირდებიან და მერე აღარ მიდიან აცრებზე. ან ჰქონდა მესამე მიზეზი, რომ დაჯავშნული ჰქონდათ, მაგალითად, Sinopharm-ზე და შემდეგ ამოეწერნენ, გადაჯავშნეს pfizer-ზე. დღევანდელი დილის მონაცემებით, 4 700 ადგილია თავისუფალი pfizer-ზე, ძირითადად რეგიონებში, AstraZeneca-ზე – 17 791, Sinopharm-ზე – 79 523, Sinovac-ზე – 73 749“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.