20 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
ქვეყნის მოსახლეობა დგას ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე - ომბუდსმენი პოლიტიკურ პარტიებს აცრების მხარდამჭერი კამპანიის წარმოებისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს აცრების მხარდამჭერი კამპანია-აგიტაციის წარმოებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ინფორმაციის მოსახლეობამდე მისატანად საარჩევნო კამპანიის გამოყენება ყველაზე ეფექტური გზა იქნება. 

"დღეს, როდესაც გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის მოსახლეობა დგას ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე, რა შეიძლება გავაკეთოთ?

ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს (როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურს) შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა აცრების მხარდამჭერი კამპანია-აგიტაციის წარმოებაში! 

თვითმმართველობის არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიები ჩადიან თითქმის ყველა სოფელში, ყველაზე შორეულ ადგილებშიც კი და ვფიქრობ, რომ აცრების მხარდამჭერი კამპანიის საწარმოებლად და ინფორმაციის მოსახლეობამდე მისატანად საარჩევნო კამპანიის გამოყენება ყველაზე ეფექტური გზა იქნება!

პარტიებს თავიანთი აქტივისტების და ოფისების მეშვეობით შეუძლიათ არა მარტო ინფორმაცია გაავრცელონ, არამედ, დაარეგისტრირონ კიდეც მოქალაქეები ბაზრებში, მარკეტებში და სხვა საჯარო სივრცეებში.

პარალელურად, საჭიროა სწორი რეგულაციები, სამედიცინო პერსონალის/პედაგოგების/სერვისების მიწოდებაში ჩართული მოქალაქეების აცრა; ასევე, ყველა სახელმწიფო თუ არასაჯარო დაწესებულების ხელმძღვანელობამ დასაქმებული პირების აცრა უნდა წაახალისოს ან დაეხმაროს მათ რეგისტრაციაში!

ასევე, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების ყოველდღიური ბრიფინგები, სადაც ისინი მოუწოდებენ და დაარწმუნებენ მოსახლეობას აცრების აუცილებლობასა და სარგებლიანობაში (შესაბამისი სტატისტიკების მითითებით)." - წერს ნინო ლომჯარია. 

დღის ამბები