სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებსაც დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებაში ედებათ ბრალი, პასუხისგებაში არიან მიცემულები.
ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულები შემოსავლების არასწორ დეკლარირებას ახდენდნენ, რითაც ბიუჯეტმა 600 000-ზე მეტი ზარალი ნახა.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს სამი კომპანიის ხელმძღვანელი პირები.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მოქმედ კომპანიებს, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რითაც თავს არიდებდნენ დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას.
საგადასახადო შემოწმებების შედეგად სამივე კომპანიას ჯამში ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 621 099 ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით,"- აღნიშნულია განცხადებაში.