მსოფლიოში კორონავირუსის მაჩვენებელმა 200 მილიონს გადააჭარბა. უკვე თვეზე მეტია, რაც ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი იზრდება. ვირუსის გავრცელების დიდი ნაწილი დელტა შტამს უკავშირდება. ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის ფონზე სახელმწიფოები შეზღუდვებს აწესებენ, ამასთან ერთად კი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, შესაძლოა, კოვიდპასპორტების წარდგენა სავალდებულო გახდეს. მოწყვლადი ჯგუფებისთვის კი საფრანგეთი მესამე დოზის შეთავაზებას სექტემბრიდან გეგმავს.
ხანდაზმულებისა და რისკ ჯგუფების მესამე დოზით აცრას გეგმავს გერმანიაც. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე, დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანები და თავშესაფრის ბენეფიციარები აიცრებიან.
პარალელურად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია სახელმწიფოებს მესამე დოზის გამოყენებისგან, ვაქცინების არათანაბარი განაწილების გამო, თავის შეკავებას ურჩევს.
საგანგებო მდგომარეობაა თვის ბოლომდე გამოცხადებული იაპონიის 8 პრეფექტურაში. ქვეყანაში ახალი რეგულაციები დაწესდება.
ვირუსის გავრცელების შემაშფოთებელი მაჩვენებლებია ავსტრალიაშიც. ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ შტატ ვიქტორიაში 1 კვირიანი ლოქდაუნი ცხადდება.