უკანონო გაფიცვა თუ სამართლიანი მოთხოვნა - რამდენიმე საათით დედაქალაქის დასუფთავებას შეფერხება შეექმნა, მიზეზი კი, თბილსერვისის თანამშრომლების მიერ ხელფასების მომატების და სამსახურში სათანადო პირობების შექმნის მოთხოვნა იყო.
გაფიცულთა ნაწილმა თანამშრომლებს საშუალება არ მისცა, დასუფთავების მანქანები ქალაქში ნაგვის გასატანად გასულიყო. სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც თბილსერვისის თანამშრომლებს მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ. როგორც აღმოჩნდა, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს ხელფასი 20 პროცენტით გასული წლის დეკემბერში უკვე გაეზარდათ, დაწყებულია ახალი უნიფორმებისა და სპეცტექნიკის შესყიდვის პროცედურებიც.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა აქციის შეწყვეტის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. დედაქალაქის მერია აქციის უკან გარკვეულ ჯგუფებს ხედავს და ღიად აცხადებს, რომ გაფიცვის პროვოცირება მოხდა.