20 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
საბერძნეთი, თურქეთი და იტალია - ევროპა უკვე ერთ კვირაზე მეტია ცეცხლის ალშია გახვეული

საბერძნეთი, თურქეთი და იტალია მასშტაბურ ხანძარს ყველა საშუალებით ებრძვიან, თუმცა ამ დრომდე ცეცხლის სტიქიას ვერ აჩერებენ. ქვეყნების დასახმარებლად ევროკავშირმა სპეციალური თვითმფრინავები, ვერტმფრენები, სახანძრო მანქანები და ცოცხალი ძალა გაგზავნა. ათასობით ადამიანი ევაკუირებულია.

საბერძნეთი ცეცხლშია გახვეული. ისტორიულ ქალაქ ელიდაში, სადაც ანტიკური ოლიმპიური თამაშები იმართებოდა, მეხანძრეები სტიქიასთან გამკლავებას ცდილობენ. საფრთხე არქეოლოგიურ ობიექტებს ემუქრება. სტიქიის მასშტაბები დღითიდღე იზრდება. პროცესს ხელს ძლიერი ქარი უწყობს.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა დღეს დავით ზალკალიანმა ბერძენ კოლეგასთან მიმოიხილა და საქართველოს მთავრობის სახელით სოლიდარობა გამოხატა. საქართველოს პირველი დიპლომატის განცხადებით, საელჩო მუდმივ კავშირზეა ქართული დიასპორების წარმომადგენლებთან და მათ დასახმარებლად 24 საათის განმავლობაში მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც ”კურიერს” ემიგრანტები უყვებიან, ამის საჭიროება მალე დადგება.

ხანძარს ებრძვიან იტალიაშიც. სტიქიამ სიცილია განსაკუთრებით აზარალა. ზონიდან 1500-ზე მეტი ადგილობრივისა და ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა.

44 პროვინციაში ებრძვიან ხანძარს თურქი მეხანძრეები. 197 კერიდან 187 ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაო. პროცესში ჩართულია ავიაცია. 

36 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაიწვა ჩრდილოეთ კალიფორნიაში. საფრთხე 12 ათასზე მეტ შენობას ემუქრება. სტიქიის ზონებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

ექსპერტები მსოფლიოში გახშირებული სტიქიურ მოვლენებს ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ მატებას უკავშირებენ.

 

 

 

დღის ამბები