საქართველოში ამერიკის საელჩო, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მოპოვებას ულოცავს.
"ვულოცავთ გენო პეტრიაშვილს ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლისა და ქართველი ხალხის გულის მოგებას. პეტრიაშვილი საოცარი წარმატებების მქონე მოჭიდავეა, ამასთანავე, უყვარდე მთელ ერს, მხოლოდ რჩეულების ხვედრია," - აღნიშნულია განცხადებაში.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს კიდევ ერთი მედალი შემატა. +125 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ფალავანი ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალურ შეხვედრაში აშშ-ის წარმომადგენელ გეიბლ სტევსონთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გენო პეტრიაშვილმა ფინალამდე ირანელი მეტოქე დაამარცხა. ნახევარფინალამდე მან ასევე დაამარცხა ჩინელი და ეგვიპტელი სპორტსმენი.
ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე 8 მედალია. 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.