20 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
მასობრივი ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებსა და სოფლებში ადგილობრივების ვაქცინაცია მიმდინარეობს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის ამბულატორიაში, მასობრივი ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს.

საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით დაიგეგმა.

სოფელ ფარცხანაყანევში, იმუნიზაციის პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან გრიგოლ იოსელიანთან ერთად გაეცნო.

მოსახლეობის თქმით, გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე, კოვიდთან ბრძოლის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური საშუალება ამ ეტაპზე საყოველთაო ვაქცინაციაა.

სოფლებში მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო შიდა ქართლის რეგიონშიც. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროში, სადაც ძირითადად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ, საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვის სურვილი არაერთმა ადგილობრივმა გამოთქვა.

იმუნიზაციის პროცესი მობილური ჯგუფის მიერ ხორციელდება, მოქალაქეებს მედიკოსები აცრას სპეციალიზებულ ავტომანქანაში უკეთებენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მობილური ჯგუფები მიქელწყაროს გარდა აცრებს სხვა სოფლებშიც ჩაატარებენ.

დღის ამბები