20 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებული, წალკის მამათა მონასტრის ბერია - საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებული წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონ მაისურაძეა. 

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე). იგი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა.

ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე.

მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი,"- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ ბორჯომში მომხდარ მკვლელობაზე, პოლიციამ დღეს ერთი პირი დააკავა. 

ბორჯომში მოკლული კაცი 36 წლის ლევან ნამგალაძეა. ის ადგილობრივი იყო.

"კურიერის" ინფორმაციით, კონფლიქტში 5 პირი მონაწილეობდა. ადგილობრივებმა სროლის ხმაც გაიგეს. სავარაუდოდ, საქმე ეხება ორი წლის წინ მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც მოკლულის ძმა ორ მეგობართან ერთად დააკავეს.

დანით დაჭრილი მამაკაცი ადგილობრივ კლინიკაში, საკუთარი ფეხით მივიდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

დღის ამბები