2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო - ეს არის ქართველი სპორტსმენების შედეგი ოლიმპიადაზე. ხვალ ტოკიოში თამაშების დახურვის დღეა, ქართველი ოლიმპიელების ნაწილი საქართველოში უკვე დაბრუნდა. მათ გულშემატკივრებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან ახლახანს დაბრუნებული ჩემპიონი ლაშა ბექაური, მშობლიურ სოფელში, არხილოსკალოსში დღეს პირველად ჩავიდა. მას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც ესტუმრა და ტიტულოვან ქართველ ფალავანს წარმატება მიულოცა და ლაშა ბექაურის სახელობის ძიუდოს დარბაზის აშენებას შეჰპირდა.
დღეს ასევე სამშობლოში დაბრუნდა ზედიზედ ორგზის, რიო დე ჟანეიროსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა ტალახაძეც.
ტოკიოს ოლიმპიადა 8 აგვისტოს სრულდება, თუმცა ქართული დელეგაციისთვის ოლიმპიური თამაშები უკვე დამთავრდა.
ავტორი: დავით ფრანგიშვილი.