"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. პროტესტის მონაწილეებსა და მერიის ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა. მიიღეს დაპირება, რომ მათი მოთხოვნები კონკრეტულ ვადაში გადაიხედება. დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა მუშაობა დღესვე განაახლეს.
გუშინ დაწყებულ საპროტესტო პროცესში პროფკავშირების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული. მათ მოთხოვნების 7 პუნქტიანი გეგმაც შეადგინეს, რომლის ძირითადი ნაწილი 15 დღეში დაკმაყოფილდება. ითქვა, რომ ხელფასების მომატების პროცესი იანვრიდან დაიწყება, თუმცა გაიზრდება თუ არა მათი ანაზღაურება 50%-ით, რასაც გაფიცულები ითხოვდნენ, ეს ჯერჯერობით უცნობია.
სამუშაო პირობების გაუმჯობესება რომ დაწყებულია და გაგრძელდება, ამის პირობას დედაქალაქის მთავრობაში იძლევიან, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ საპროტესტო აქციის მიღმა ხელოვნურად მართული პროცესი დაინახეს.
სამუშაო პირობები რომ გასაუმჯობესებელია, ამაზე ოპოზიციაც საუბრობს, რომლებსაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები პროცესების მართვაში პირდაპირ ადანაშაულებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გაფიცულებთან შემდგარი მოლაპარაკების სამომავლო შედეგებს თავად გაუწევენ მეთვალყურეობას.
პროტესტის მიზეზი გაუგებარი აღმოჩნდა დედაქალაქის მერისთვის, რომელიც აცხადებს, რომ მას თბილსერვისის თანამშრომლებთან კომუნიკაციის პრობლემა არ ჰქონია.