ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, აფხაზეთის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცისა და კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა დასასრულს უახლოვდება.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი, კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და ვაკის რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესთან ერთად გაეცნო.
პროექტის თანახმად, 1 800-მდე კვ.მ ფართობის სივრცეში საბავშვო-გასართობი ატრაქციონები განთავსდა. სხვადასხვა სახის ინვენტარი ფიზიკური აქტივობებისთვის რამდენიმე ზონაში გადანაწილდა. ასევე, დამონტაჟდა საპარკე ავეჯი, მოეწყო სავალი ბილიკები, განათების ქსელი და სარწყავი სისტემა. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.
ამავე სივრცეში კომბინირებული სპორტული მოედანიც მოეწყო, სადაც რბილ საფარზე ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები დამონტაჟდა.
დასასვენებელი სივრცისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოების ღირებულება, რომელსაც შპს "გია ქონსტრაქშენი" აწარმოებს, 560 000 ლარია.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ასევე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატები ნოდარ ტურძელაძე და გიორგი მუსხელიშვილი იმყოფებოდნენ.