ქვეყანაში კვლავ უმძიმესი ეპიდვითარებაა. საქართველოში ამ დროისთვის 46 000-მდე აქტიური შემთხვევა გვაქვს. საავადმყოფოებში თითქმის აღარ არის თავისუფალი ადგილები. არსებულ ეპიდვითარებაზე დღეს ეკატერინე ტიკარაძემაც ისაუბრა. ჯანდაცვის სამინისტროში საველე ჰოსპიტლებთან დაკავშირებით დაიწყეს საუბარი.
დღეს პირველად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საველე ჰოსპიტლების მოწყობა ახსენა და თქვა, რომ თუკი დღიურად ინფიცირებულთა მაჩვენებლის კლება არ მოხდება, ამ გადაწყვეტილების მიღება გახდება საჭირო.
"მდგომარეობა არის რა თქმა უნდა, დატვირთული, მაგრამ არა ისეთი, რომ რომელიმე პაციენტს მიღებაზე უარი უთხრან. ანუ, ჯერჯერობით, ამისი მართვა ხერხდება, თუმცა თუ გაგრძელდება მომდევნო 7-8-10 დღის განმავლობაში იგივე ტენდენცია ეპიდემიის მატების, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს კიდევ დამატებით ალტერნატიული სასტუმროების მობილიზებაც და ასევე მიდის საუბარი იმაზე, თუ რა იქნება საველე გადაწყვეტილება, რაც ჩვენ აქამდე არასოდეს არ გამოგვიყენებია,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საგანგაშო მაჩვენებელზე საუბრობს. მისი თქმით, დღეში დადასტურებულ კოვიდ პაციენტებიდან 13%-ს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება.
"დღეს ინფიცირებულთა 13% ხვდება სტაციონარში, რაც არ არის რთული დასათვლელი. მნიშვნელოვანია, რომ ინფექციის მატებასთან ერთად, რა თქმა უნდა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი იზრდება და გარკვეულ პერიოდში, ეს არის ალბათ ერთ კვირიანი პერიოდი, როდესაც იქნება საკმაოდ რთული უკვე პაციენტების მიღება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ინფექციის გავრცელების სიჩქარის კლება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოხდეს გაკონტროლება და არ განხორციელდეს ისეთი მასიური თავშეყრები, რომლებიც შეიძლება ინფექციის გავრცელების მაღალ წყაროს იქცეს,“ - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.