ეკატერინე ტიკარაძე ეპიდსიტუაციის საგანგაშო მაჩვენებელზე საუბრობს და ამბობს, რომ ინფექციის გავრცელება და ინფიცირებულთა რაოდენობის მატება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მოლოდინია, რომ გარდაცვალების მაჩვენებელიც გაიზრდება.
აქვე, მინისტრი ამბობს, რომ სპეციალისტები 20 აგვისტოსთვის ინფექციის გავრცელების პიკს ელოდებიან.
"გარდაცვალების მაჩვენებელი არის ორ კვირიანი ინტერვალით დაგვიანებული ინფიცირების რაოდენობასთან მიმართებაში და დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ველოდებით გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდას, ვინაიდან, ეს არის თანმხლები პროცესი ინფექციის გავრცელების. საშუალო მონაცემები მსოფლიო სტატისტიკით გარდაცვალების არის ინფიცირებულთა რაოდენობის 2%, თუმცა საქართველოში ამ მხრივ, ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი მაჩვენებელი და ეს არის 1.36% და აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი სწორედ იმ საერთო მოცულობიდან და ჰოსპიტალიზირებული პაციენტებიდან არის ეს წილი, რომლის მოლოდინი გვაქვს. რაც შეეხება თავად ინფექციის გავრცელებას, გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით, ჩვენ დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 13%-მდე, ხოლო ინფექციის გავრცელების სიჩქარე არის 1.4%, ესეც ასევე მიუთითებს, რომ ჯერჯერობით, ინფექციის გავრცელება და შესაბამისად, ინფიცირებულთა რაოდენობის მატება შემდეგ დღეებში გვექნება.
არსებობს დათვლის სხვადასხვა მეთოდოლოგია და ამ ეტაპისთვის, ამ მეთოდოლოგიების სურათი ერთმანეთს ემთხვევა ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ და შემდეგ დღეებშიც იქნება გარკვეული ნახტომისებური ზრდა, რომელიც საკმაოდ ნეგატიური მაჩვენებელია.
პიკურ მაჩვენებელს, მოლოდინი გვაქვს, რომ მივაღწევთ სადღაც 20 აგვისტოსთვის, რაც უკვე დღევანდელი მონაცემებით, არის გარდაუვალი.“ - განაცხადა "დღის კურიერში" ეკატერინე ტიკარაძემ.