ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაღებული ფოტოს შესახებ საუბრობს, სადაც კოვიდ ინფიცირებული პაციენტები კლინიკის დერეფანში არიან განთავსებულები. ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, ფოტო კოვიდ პანდემიის მეორე ტალღის დროს არის გადაღებული და ის უახლოესი დღეების ისტორიას არ ასახავს.
"გუშინ მოპოვებული ინფორმაციით, ეს ფოტო არის მეორე ტალღის პერიოდის ფოტო და არა ახლანდელი ფოტო, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის ახლო წარსული, რომელიც გვქონდა და სწორედ აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვერიდებით გვქონდეს მსგავსი სურათები, ვააქტიურებთ ჩვენს მოთხოვნებს და მოწოდებებს მოსახლეობის მიმართ.“ - აცხადებს მინისტრი "დღის კურიერში" სტრუმრობისას.
ეკატერინე ტიკარაძე აქვე კლინიკებში არსებული საწოლფონდის შესახებ საუბრობს.
"7556 ადგილია ამ ეტაპისთვის მობილიზებული. 400 საწოლამდე კიდევ არის პროცესში, რომელიც შემდეგი 3 დღის განმავლობაში იქნება დამატებული. ეს არის ის რეალური სურათი, რომელიც ჩვენ გვაქვს,“ - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.