ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილების გაუქმებას ფსიქიკური ჯანმრთელობის ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და ფაქტს ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ.
ამბობენ, რომ განყოფილების დახურვით, საფრთხე ექმნება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების უფლებას.
ორგანიზაციების წევრებმა წერილით მიმართეს ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტს და მთავრობის ადმინისტრაციას. კლინიკამ ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილების დახურვის გადაწყვეტილება ივლისში მიიღო, რომლის მიზეზად დაფინანსება დაასახელა.
"სახელმწიფო პროგრამითა და დაფინანსებით ვინარჩუნებდით ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისს. ახლა ვატყობთ, რომ სრული კოლაფსის, შეცდომების გამო შეიძლება მთლიანად დაიკარგოს ეს სერვისი. პრობლემურია ეს საკითხი იმის გამოც, რომ ჩანს, სახელმწიფოს არა აქვს ცხადი პოლიტიკა, არ იცის რას აკეთებს," - აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თათული ჭუბაბრია.