ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი და პროფესორი ნიკოლოზ კინტრაია "დღის კურიერში" განმარტავს, რომ ვაქცინაცია არც დაფეხმძიმების დაგეგმვას და არც ორსულობის პროცესს ხელს არ უშლის.
"თუ გეგმავენ ორსულობას, ჯობია, რომ სანამ ორსულობას დაგეგმავენ, მანამდე აცრის სრული კურსი ჩაიტარონ. როგორც კი ჩაიტარებენ ორივე აცრას და გავა ბოლო აცრიდან 2 კვირა, შეუძლიათ დაგეგმონ ორსულობა. 2 კვირა ვახსენე იმიტომ, რომ მეორე ვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ ითვლება, რომ არის სრულად ჩამოყალიბებული ეს ანტისხეულები, გამომუშავებული, ასე რომ უფრო უსაფრთხოა.
აცრა დაფეხმძიმებას არ უშლის ხელს. არის შემთხვევები, როდესაც ერთი აცრა ჩაიტარა ადამიანმა და აღმოჩნდა ორსულად და ხშირად კითხულობენ, "ახლა რა ვქნა, მეორე აცრა ჩავიტარო, ხომ არ არის საშიში, ორსულობის პირველ დღეებში მოხდა აცრა და ხომ არ ჯობია შეწყდეს ორსულობა?"
ორსულობისთვის აცრა არის უსაფრთხო. ერთი აცრა თუ აქვს ჩატარებული, დავუშვათ და მერე აღმოაჩინა, რომ არის ორსულად, აუცილებლად, ჩვეულებრივ, როგორც იყო დაგეგმილი, მეორე აცრა უნდა ჩაიტაროს იმ ვადაზე, როცა ჰქონდა დაგეგმილი," - განაცხადა ნუკრი კინტრაიამ.