მცხეთა-მთიანეთის ახლადგახსნილ მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია კი ამცრელ პუნქტამდე სოფლებიდან მოქალაქეთა უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
შედეგად, Pfizer-ის ვაქცინით უკვე აიცრა წეროვანში მცხოვრები 30-მდე იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთა ტრანსპორტირება, მერიის მიერ არის უზრუნველყოფილი. ამ ეტაპზე მოქალაქეებს ადგილზე მცხეთის სამედიცინო ცენტრის 5 ამცრელი ბრიგადა ემსახურება.
სამედიცინო პერსონალთან ერთად კი, ვაქცინაციის პროცესში, სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებიც.
"საკმაოდ მაღალი აქტივობა შეინიშნება ვაქცინაციის დაწყების პირველივე დღეებიდან და კიდევ უფრო მეტი აქტივობისკენ მოვუწოდებთ თითოეულ ადამიანს," - აცხადებს მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი, ლიკა მუმლაძე.