აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 29 წელი გავიდა - დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მოქალაქეები, ომის ვეტერანები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დილიდან გმირთა მოედანზე მიდიან და მემორიალს გვირგვინებით ამკობენ.
ცოტა ხნის წინ, ადგილზე მივიდა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანი.
"ჩვენ დავკარგეთ გმირები, რომელთა ხსოვნას მინდა პატივი მივაგო და ქედს ვიხრი მათი გმირობის წინაშე. ეს არის საერო ტკივილი, საერთო ტრაგედია აფხაზთა და ქართველთა, რომელი აუცილებლად უნდა დავძლიოთ მშვიდობის ძალით, შერიგების, ნდობის აღდგენის გზით," - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანი.
საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, საქართველოს შეიარაღებული ძალები ტერიტორიაზე რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ. ომის ძირითადი ფაზა 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.