რა ხდება ავღანეთში, სადაც ამ დრომდე რჩებიან საქართველოს მოქალაქეები. მათი დიდი ნაწილი კვლავ ვერ ახერხებს უსაფრთხოების გამო ქაბულის აეროპორტამდე მისვლას.
"კურიერის" ინფორმაციით, მხოლოდ 6-მა ქართველმა მოახერხა ადგილზე მისვლა. ისინი შედარებით ახლოს იყვნენ აეროპორტთან. საქართველოს მოქალაქეების გადაყვანა თურქი სამხედროების დახმარებით უნდა მომხდარიყო.
"კურიერი" ესაუბრა ერთ-ერთ ქართველს, რომელიც ავღანეთში NATO-ს სპეციალურ ბაზაზე იმყოფება, სახელად "ეჩკაიაზე". ზაურ ჯაყელიძემ ბაზის კადრები გვაჩვენა, მოგვიყვა თუ რა მდგომარეობაა, როგორ ემზადებიან ადამიანები ევაკუაციისთვის, როგორ ეხმარებიან მათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები იმისთვის, რომ ჯერ პირველ ეტაპზე მოხდეს მათი დოკუმენტების წესრიგში მოყვანა და შემდეგ უკვე უსაფრთხო სამხედრო ვერტმფრენების დახმარებით დატოვონ ტერიტორია.
როგორც ზაურ ჯაყელიძე ყვება, ეს პროცედურა საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ასევე აღნიშნა, რომ ამ ბაზაზე მოხვედრა უკვე ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ადამიანები რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ სამხედრო ვერტმფრენებში უსაფრთხოდ ჩასხდებიან და ასევე უსაფრთხოდ დატოვებენ ავღანეთის ტერიტორიას.
"ამ ბაზაზე მომხვედრი პირები, ვინც კი მოხვდება, ეს უკვე ავტომატურად იმის ნიშანია, რომ ჩვენ უკვე მარტივად ფეხით დაახლოებით 20-30 მეტრის მანძილის გავლა მოგვიწევს, შევდივართ ამ შენობაში, გავდივართ რეგისტრაციას და ვჯდებით პირდაპირ ვერტმფრენში. უახლოეს ბაზაზე გადავაადგილდებით, ეს იქნება შეიძლება ყატარი, ქუვეითი ან ერაყი თუნდაც, სადაც მოხდება უსაფრთხოება და ამის შემდეგ უკვე ჩვენი კომპანიები გვყიდულობენ ჩვენ ბილეთებს და მოვდივართ მშვიდობიანად სახლში.
დღეს სამწუხაროდ ვერ იქნება იქიდან გამომდინარე, რომ საელჩოს წარმომადგენლებს უკეთებენ პირველ რიგში ევაკუაციას, ამერიკელი იქნება ეს, ბრიტანელი თუ სხვა, ამის შემდეგ უკეთებენ ევაკუაციას ადგილობრივ მოსახლეობას, ვინც კონკრეტულად მუშაობდა ამერიკისთვის, ბრიტანეთისთვის, დანიისთვის და ა.შ. და ალბათ შემდეგ ვიქნებით ჩვენ," - ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე ზაურ ჯაყელიძე.