წინანდლის ტყეში მომხდარ მკვლელობაზე "კურიერისთვის" ახალი დეტალი გახდა ცნობილი - საქმეში მესამე იარაღი გამოჩნდა.
ზურაბ ზვიადაურის ადვოკატის ინფორმაციით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა შეიარაღებული ნიკა კენჭოშვილი საკუთარი იარაღით მოკლა. მანამდე კი კენჭოშვილმა ორი ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრა.
ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება.
"კურიერი" ყოფილი დეპუტატის ადვოკატს ესაუბრა. უფლებადამცველი ამბობს, რომ ზურაბ ზვიადაური დანაშაულს არ აღიარებს.
"ძალიან ნერვიულობს ძმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ეს ადამიანი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ის, რომ ძმა ჰყავს გარდაცვლილი, ის, რომ მეგობარი გარდაიცვალა, ის, რომ თავდამსხმელს ავტომატური იარაღი ეჭირა, იძლევა ლოგიკურ საფუძველს იმისას, რომ თავის და ძმის სიცოცხლეს იცავდა. ის ადგილზე იყო მისული იმიტომ, რომ თავისი ძმა კონფლიქტის ადგილიდან გამოეყვანა. იურისპრუდენცია იცნობს ამ ინსტიტუტს, აუცილებელ მოგერიებას, მაგრამ რადგან დაკავებულია, ვფიქრობთ, 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენებენ ბრალდებას,"- განმარტავს ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი.
რაც შეეხება დაჭრილებს, ერთი დაჭრილი კლინიკიდან გუშინ გაწერეს, ხოლო მეორე დაჭრილი მკურნალობას სტაციონარში აგრძელებს. ექიმების თქმით, მას დაზიანება ბარძაყის არეში აქვს მიყენებული და მკურნალობის კურსს ქირურგიულ განყოფილებაში გადის.