20 ნოემბერი 2024,   03:16
ვრცლად
ანუკი არეშიძე: "ანოუკის" დაფუძნებიდან დღემდე, შპს "თბილსერვის ჯგუფის" უნიფორმების წარმოებასთან არავითარი პირდაპირი ან ირიბი შემხებლობა არ ჰქონია

დიზაინერი ანუკი არეშიძე ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

დიზაინერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, რომ შპს „ანოუკის“ არც შპს „თბილსერვის ჯგუფის“ და არც სხვა რომელიმე სამთავრობო სტრუქტურის უნიფორმების წარმოებასთან არავითარი პირდაპირი ან ირიბი შემხებლობა არ ჰქონია.

"მსურს გავაკეთო ოფიციალური კომენტარი, გუშინ მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაზე და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ შპს „ანოუკის“ დაფუძნების დღიდან დღემდე, არავითარი პირდაპირი ან ირიბი შემხებლობა არ ჰქონია არც შპს „თბილსერვის ჯგუფის“ და არც სხვა რომელიმე სამთავრობო სტრუქტურის უნიფორმების წარმოებასთან. მეტიც, არც კომპანიის მომავალ გეგმებში შედის მსგავსი ტიპის მომსახურების გაწევა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის.

დავაზუსტებ, რომ დღევანდელ დღეს კომპანიის მთლიანი რესურსი მომართულია ბრენდ „ანუკის“ ქალის ტანსაცმლის სეზონურ წარმოებასა და რეალიზაციაზე. განსაკუთრებით გვეამაყება, რომ ჩვენი ბრენდის ქვეშ წარმოებული სამოსი წარმატებით გადის ექსპორტზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანი და ორიენტირი გახლავთ საექსპორტო ბაზრების გაფართოება და საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით," - წერს ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები