"მე, ინეზა და მამაო" - ისტორიას სიკვდილთან ომით, გაუსაძლისი ტკივილებით, ლოცვით და ხანდახან სიმღერით, უკვე ჰქვია თავისი სახელი. ამ ისტორიას რამდენიმე გმირი ჰყავს, გულშემატკივარი კი ათასობით. ამ შემთხვევაში დასასრული საბედნიეროდ კეთილია, თუმცა მძიმეა მისი შინაარსი.
მათ, ვინც დღეს ჩვენი რესპონდენტები არიან, არათუ ჩახედეს სიკვდილს თვალებში, არამედ ყოველ წამიერად, თითოეული ამოსუნთქვისთვის იბრძოდნენ. მთავარი მიზანი, რატომაც ახლა ამ ყველაფერს ჩვენ გვიყვებიან, არის სურვილი სხვამ არ გაიაროს ის სხვა ომი, რომელსაც ჩვენ კლინიკის კედლებს მიღმა ვერ ვხედავთ.
სჯეროდათ, რომ გადარჩებოდნენ, ისუნთქებდნენ, მეორე სიცოცხლეს დაიწყებდნენ და შეძლეს. შეძლეს შეუჩერებელი ბრძოლით, სიმღერით, შეძლეს ერთმანეთის სიყვარულით და თანადგომით, ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანებმა. ინეზამ რეანიმაციაში მესამე შვილი შეიძინა. ასე სჯერა, რომ ღმერთმა თამუნა ახალი ცხოვრების დასაწყებად და სიცოცხლის სურვილისთვის გამოუგზავნა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში ორ პაცინეტთან ერთად - თამუნასთან და სასულიერო პირთან ერთად, მეორე სიცოცხლისთვის ბრძოლა 34 დღის წინ დაიწყო. როგორც თავად ამბობს, ეგონა, რომ "შავი პარკისთვის" იყო განწირული. იმედი არ ჰქონდა, რომ შვილებს და შვილიშვილებს ოდესმე კიდევ ნახავდა. საავადმყოფოში მისვლისას საღ გონებაზე არ იყო, თუმცა კარგად ახსოვს როგორ იბრძოდა თითოეული ამოსუნთქვისთვის.
რეანიმაციიდან პალატაში მოხვედრა ახალი სიცოცხლისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. ორი დღის წინ სხვა რეალობას თვალი უკვე პალატიდან გაუსწორა თამუნა თანდაშვილმა. მას კოვიდინფექცია მეორედ შეხვდა, ინფიცირების დროს ცნობიერება აერია. ყოველ მომდევნო საშინელ დღეს თავი სხვადასხვა ადამიანი ეგონა. შეშინებული იყო. ომი მოიგო. 27 დღე იბრძოლა და დაამარცხა და ახლა მისთვის სრულიად უცხო თანამებრძოლების სიცოცხლე მთავარი საზრუნავი გახდა.
ომში დანებება არასდროს უფიქრიათ, უხილავ მტერთან ბრძოლაში კი მათი მთავარი იარაღი განწყობის შენარჩუნება და ერთმანეთისთვის გაზიარება იყო. 33 დღის განმავლობაში თამუნა ყოველდღიურად სოციალურ ქსელში რეანიმაციიდან დღიურებს წერდა. სამივე პაციენტს თითქმის ყველა "ფეისბუქმეგობარი" ერთად გულშემატკივრობდა. ერთ დღეს თამუნამ დაწერა, რომ მასთან ერთად სიცოცხლისთვსის ბრძოლაში ინეზას ოსკაროსანის სტატუსი მიანიჭეს, შემდეგ ყველას აცნობა, რომ ინეზა კოპალეიშვილი იუბილარი იყო და მას თეთრი ვარდები უყვარდა, ამ სტატუსს სოციალურ ქსელში ცნობილი მომღერლების მხრიდან მილოცვები მოჰყვა - სპეციალურად ინეზასთვის.
ომი მოიგეს! COVID-19 დაამარცხეს. წინ ახალი გამოწვევები და ახალი ცხოვრება ელოდებათ. თამუნასთვის 27 და ინეზას 34 დღიანი არარეალური ცხოვრება სრულდება. იქ კი მეგობრებს ტოვებენ, იმისთვის, რომ ინეზას მსგავსად კიდევ ბევრს გადაეცეს სიკვდილზე გამარჯვებისთვის "ოსკარი".