"მოგზაურობა საქართველოში"- ესტონეთის ტელეკომპანია საქართველოს შესახებ გადაცემების ციკლს ამზადებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ესტონური TV 3-ის 8 კაციანი გადამღები ჯგუფი 2 კვირის განმავლობაში თბილისში, კახეთში, იმერეთში, აჭარაში, სამეგრელოსა და სვანეთში იმყოფებოდა.
გადაცემა 10 ეპიზოდისგან შედგება და ესტონელი ტელემაყურებელი სექტემბერში იხილავს. 42 წუთიანი გადაცემები საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს, საზღვაო და სამთო კურორტებს, ქართულ ტრადიციებს, კულტურას და ისტორიას დაეთმობა.
ესტონური TV 3-ის ჟურნალისტი ქეზი უბომაგის თქმით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, სადაც შეიძლება დასვენება.
"მოხარული ვარ, რომ საქართველოში სატელევიზო შოუს გადასაღებად ჩამოვედი, რომელიც საქართველოს ბუნებისა და ქართველების შესახებ მომზადდება. საქართველოში გამორჩეული ხალხია, უნიკალური სტუმარ-მასპინძლობითა და სითბოთი. გამოსარჩევია ქართული სამზარეულო გემრიელი კერძებით.
საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, სადაც შეიძლება დასვენება. საქართველოში ბევრი მეგობარი შევიძინე, როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში. ჩვენ ესტონეთში ძალიან გვიყვარს საქართველო და მოხარულები ვართ, ჩვენს მაყურებელს ვაჩვენოთ ეს ლამაზი ქვეყანა,"- ამბობს ქეზი უბომაგი.
პრესტური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა.