20 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
რთველი 2021-მდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება - წელს მოსავლის რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს ელოდებიან

რთველის დაწყებამდე არც ისე დიდი დრო რჩება. როგორც ყოველთვის, ახლაც, მევენახეებისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ამინდის ხელშეწყობაა. იმისათვის, რომ რთველი წარმატებული გამოდგეს, დიდი მნიშვნელობა აქვს მევენახეთათვის ყურძნის ფასსაც. 

რთველის დაწყებამდე გოგი ქურციკაშვილი ვენახში უკანასკნელ სამუშაოს ატარებს. ამბობს, რომ მოსავლის რეალიზაცია მარცვლის სიტკბოსა და ხარისხზეა დამოკიდებული. იმედი აქვს, რომ ორი კვირის განმავლობაში ამინდი მკვეთრად არ გაუარესდება და ერთი წლის შრომა წყალში არ ჩაეყრება. რაც შეეხება ყურძნის სარეალიზაციო ფასს, სუბსიდირების ჩათვლით მისი ფასი წელს 90 თეთრიდან განისაზღვრა.

სარეალიზაციო ფასი ამ ეტაპზე მისაღებია, მაგრამ მომდევნო წლებში მის მატებას ელოდება ვანო კიკიტელაშვილი. მევენახეს ახლა უფრო მეტად რთველის საორგანიზაციო საკითხები აღელვებს. კერძოდ, მოკრეფილი ყურძნის დროულად ჩაბარება. "კურიერს" უყვება, რომ წინა წლებში რამდენიმე კილომეტრიან რიგში დგომის გამო, ფერმერთა დიდ ნაწილს ყურძენი გაუფუჭდა, რამაც, საბოლოოდ, მის სარეალიზაციო ფასზე ნეგატიურად იმოქმედა.

კომპანია "თელავის ღვინოში" "კურიერს" უყვებიან, რომ რიგებთან დაკავშირებული პრობლემები მათ მომწოდებლებთან მოლაპარაკების საფუძველზე აღმოფხვრეს. რაც შეეხება წლევანდელ რთველს, მზად არიან მევენახეებისგან ორ ნახევრიდან სამ ტონამდე ყურძენი შეიძინონ. მანამდე კი ქარხანაში მოსავლის მისაღებად და გადასამუშავებლად მზადება მიმდინარეობს.

გრძელი რიგების პრობლემას, რაც როგორც მევენახეებს, ასევე ჩამბარებელ კომპანიებს წარსულში პრობლემას უქმნიდა, წელს რთველი 2021-ის საკოორდინაციო შტაბი გაუწევს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გვიყვება, რომ წელს ყურძნის ჩაბარება მევენახეების ელექტრონულმა ბაზამ უნდა გაამარტივოს, რომელიც კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ფერმების მონაცემებს აერთიანებს.

საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, წელს მოსავლის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია მოსალოდნელი. კერძოდ, 300 000 ტონამდე ყურძენი, რომლის მიღება და გადამუშავება 250-ზე მეტმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს.

დღის ამბები