საქართველომ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი დაასრულა. გვიან ღამით დედაქალაქში 16 მოქალაქე დაბრუნდა. მანამდე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მათ რამდენიმე დღე ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე გაატარეს. ავღანეთში საქართველოს მოქალაქეები კერძო კონტრაქტით ამერიკულ კომპანიაში მუშაობდნენ.
ნაკლებად გაუმართლათ მათ, ვინც უკვე თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ქაბულის აეროპორტში შეღწევას და ქვეყნის საზღვრების დატოვებას ცდილობს. პროცესი გართულებულია მათთვისაც კი, ვისაც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს.
ნებართვა არ აქვს ათასობით ავღანელს, რომლებიც უშედეგოდ ცდილობენ აეროპორტში შეღწევას. მათი მოგერიება და ტერიტორიიდან განრიდება სამხედროებს გამაფრთხილებელი გასროლით უწევთ. ჭყლეტვაში დღეს 7 ადამიანი დაიღუპა.
სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს. შტატების ადმინისტრაცია მოქალაქეებს რამდენიმე დღის განმავლობაში აეროპორტის სიახლოვეს შეკრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. მიზეზი - ტერორისტული აქტის საფრთხეა, რასაც თალიბანი კატეგორიულად გამორიცხავს. რადიკალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ მოქალაქეებზე ზრუნავს და ეტაპობრივად წესრიგს ამყარებს. სავარაუდოდ, ამ გეგმის ნაწილია ისიც, რომ ადგილობრივი რადიო ტალღების ეთერში აღარ ისმის ქალის ხმა, ისევე როგორც მუსიკის, რომლის მოსმენაც აიკრძალა.
რა გაკეთდება ლტოლვილების დასახმარებლად, ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის მიგრანტების მისაღებად მზადყოფნა მხოლოდ 30-მდე სახელმწიფომ გამოთქვა. მათ შორის მხოლოდ რამდენიმე ევროპული ქვეყანაა.