18 მაისი 2024,   11:11
ვრცლად
კრასნოდარში ქართველი "კანონიერი ქურდი" გარდაცვლილი იპოვეს - რა ვიცით ოთარ კუბლაშვილზე

კრასნოდარში 41 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ ოთარ კუბლაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. 
გასულ კვირას კუბლაშვილზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა. ის რუს სამართალდამცველებს ნაქირავებ ბინაში ემალებოდა. სწორედ ამ ბინაში იპოვეს მისი ცხედარი. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

ცნობილია, რომ ოთარ კუბლაშვილი კრასნოდარის მხარეში ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ დაჯგუფებას, რომლის ანგარიშზეც ათეულობით ოჯახის სასტიკი წამება და ყაჩაღობაა.

"ჯერ კიდევ 2008 წელს კრასნოდარის რეგიონში დრამა დაიწყო, რომელიც ხალხს კვლავაც საშინელებად ახსოვს. ოთარ კუბლაშვილის და არმენ ვარდანიანის ბანდამ გაძარცვა ადგილობრივი მოსახლეობის სახლები ერთი წლის განმავლობაში. დამნაშავეები დაზარალებულებს იარაღით ემუქრებოდნენ, აწამებდნენ მათ და დასცინოდნენ. ბანდის მიერ ადგილობრივებისთვის მიყენებულმა ზარალმა ექვსი მილიონ რუბლზე მეტი შეადგინა," - წერს რუსული მედია.

2011 წელს, კრიმინალური დაჯგუფების ექვსი წევრი გაასამართლეს. დააკავეს დაჯგუფების ლიდერებიც - ოთარ კუბლაშვილი და არმენ ვარდანიანი. მათ 19 და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.

ოთარი კუბლაშვილს ციხე მხოლოდ 2021 წელს უნდა დაეტოვებინა, მაგრამ მურმანსკის რეგიონის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 2018 წლის 23 ივლისიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა და დაიწყო მასზე ადმინისტრაციული ზედამხედველობა. იგი ავადმყოფობის გამო საცხოვრებელ პატიმრობაში გადაიყვანეს.

პოლიციელები ეწვივნენ მას შემოწმების მიზნით, მაგრამ კუბლაშვილი სახლში არ დახვდათ. სწორედ საზედამხედველო პერიმეტრიდან გაქცევისა და დადგენილი შეზღუდვების თავიდან აცილების გამო, მასზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა.

დღის ამბები