16 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
"ქართული ოცნება" ქუთაისის პარტიული კვლევის შედეგებს აქვეყნებს - გამარჯვებული მმართველი გუნდია, მთავარი ოპონენტი კი ისევ "ნაციონალური მოძრაობაა"

თბილისის შემდეგ "ქართული ოცნება" ქუთაისის პარტიული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. 987 რესპოდენტის გამოკითხვის მიხედვით, გამარჯვებული მმართველი გუნდია, მთავარი ოპონენტი კი ისევ "ნაციონალური მოძრაობაა". ეს შედეგი წინასწარ განწყობებს ასახავს, თუმცა "ქართული ოცნება" მონაცემების რადიკალურად შეცვლას არც 2 ოქტომბრისთვის ელოდება. პარტიულ კვლევას დედაქალაქის მსგავსად ქუთაისის შემთხვევაშიც უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია.

მმართველი პარტიის სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, პირველ-მეორე ადგილს "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ინაწილებენ. ამომრჩევლის წინასწარი განწყობების გათვალისწინებით კი 3 %-იან მხარდაჭერას ქუთაისში მხოლოდ 3 პარტია იღებს.

გამოკითხვის თანახმად 44,7% აქვს "ქართულ ოცნებას", 32,6% "ნაციონალური მოძრაობას", ხოლო მესამე ადგილზე 3,1%-ით "პატრიოტთა ალაინსია". დანარჩენ 10 პარტიას კი ამ შედეგების მიხედვით მხოლოდ 2-დან 3%-მდე მხარდაჭერა აქვს.

პარტიული რეიტინგების გარდა, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სოციოლოგიურმა ჯგუფმა 987 რესპონდენტს აზრი ქუთაისის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებითაც ჰკითხა. შედეგი კი ასე გადანაწილდა:

მმართველი პარტიის კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს გამოკითხულთა 50,3% უჭერს მხარს, ხოლო ხატია დეკანოიძეს 37, 8%. კვლევის შედეგები "ქართული ოცნების" კანდიდატისთვის პირველივე ტურში გამარჯვების წინაპირობაა, რასაც არ ეთანხმება და გამორიცხავს მისი ოპონენტი.

მმართველი პარტიის მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევა სანდო არ არის ოპოზიციური პარტიებისთვის. პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ, თუმცა ამ დრომდე კანდიდატები არ წარუდგენიათ, ამბობენ, რომ დღეს გამოქვეყნებული მონაცემები მათი კანდიდატების დასახელების შემდეგ შეიცვლება.

ოპონენტებისგან განსხვავებით "ქართულ ოცნებაში" კვლევის შედეგები არ უკვირთ. ამბობენ, რომ როგორც მათი შიდა პარტიული მონაცემები ასევე სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემები აჩვენებს, რომ მმართველი პარტია ქართულ პოლიტიკურ ველზე დომინანტი ძალაა.

დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები პირველი არ არის, "ქართულმა ოცნებამ" ანალოგიური გამოკითხვა დედაქალაქის მასშტაბითაც ჩაატარა და როგორც ცნობილია, კვლევებს სხვა დიდ ქალაქებშიც გეგმავს.

დღის ამბები