ვანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორსული გოგო ემსხვერპლა. სოფელ ციხესულორთან ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად 21 წლის ნანუკა დვალიშვილი და მისი მუცლადმყოფი შვილიც გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილის მეგობრები მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ.
"ღმერთო, რა დააშავა ამ პატარა გოგომ, სულ რაღაც 21 წლის იყო, ბავშვს ელოდებოდნენ. გახარებული იყო ცხოვრება უხაროდა, მაგრამ ვინ აცადა, წავიდა ჩვენი ნანუკა და შვილიც წაიყვანა..."- წერს გარდაცვლილის მეგობარი სოციალურ ქსელში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.