კახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.
კახელ გლეხებს სტიქიით მიყენებულ ზარალს სახელმწიფო აუნაზღაურებს. მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100 %-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით 1 ჰექტარზე 3000 ლარს მიიღებენ. დანარჩენებს, სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება 3 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ. სახელმწიფო საწარმო "მოსავლის მართვის კომპანიამ" კახეთში სამ ლოკაციაზე უკვე დაიწყო სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავება.
სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავების საკითხთან დაკავშირებით, "რთველი 2021"-ის საკოორდინაციო შტაბში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პრემიერის დავალებით, ადგილზე სოფლის მეურნეობის მინისტრი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ჩავიდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები დაზარალებულ ფერმერებს შეხვდნენ და სეტყვით დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნენ.
ჯერ კიდევ გასულ კვირას საკოორდინაციო შტაბი მოსავლის რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზე საუბრობდა. კერძოდ, 250-ზე მეტ კომპანიას 300 000 ტონამდე ყურძენი, უნდა გადაემუშავებინა. ის, თუ როგორ შეცვალა სტიქიამ რთველი 2021-ის გეგმები ზარალის დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი.