300 000 ჰექტარს აჭარბებს ხანძრისგან გადამწვარი ტერიტორია კალიფორნიაში - სტიქიას უკვე თვეზე მეტია ებრძვიან. კერების უმრავლესობა კვლავ უკონტროლოა. ამ დროისთვის 14 000 მეხანძრე ცდილობს ცეცხლის შეკავებას, თუმცა ხანძრის მხოლოდ 46%-ია ლიკვიდირებული.
ხანძარი ტაჰოს ტბის მიმდებარე საკურორტო ზონას ემუქრება, რომელიც ზაფხულის პერიოდში მილიონობით ტურისტის გასართობი ზონაა. შექმნილი ვითარების გამო ტურისტებს მოგზაურობის გადადებისკენ მოუწოდებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს განცხადებით, სტიქია შტატს ახალი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დააყენებს.
ბოლო მონაცემებით, კალიფორნიის ხანძრებმა 2 000 შენობა-ნაგებობა გაანადგურა, ათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა. სტიქიის შედეგად დაკვამლიანების დონემ საგანგაშო მაჩვენებლებს მიაღწია.
სტიქიასთან გამკლავებას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს. მეტეოროლოგები ამინდის დამაიმედებელ პროგნოზს ჯერჯერობით არ იძლევიან.
ავტორი: თამუნა ხონელიძე