20 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
ცნობილია, როდის შემოვა საქართველოში კოვიდის სამკურნალო ახალი პრეპარატი, რომელიც ვირუსის გართულების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს

მომდევნო 3-4 კვირაში შესაძლოა საქართველოში კოვიდის სამკურნალო ახალი პრეპერატი შემოვიდეს, რომელიც მონოკლონურ ანტისხეულებზეა დაფუძნებული და საერთაშორისო კვლევებით, მნიშვნელოვნად ამცირებს ლეტალობის მაჩვენებელს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ "რუსთავი2"-ის კითხვის პასუხად, კონკრეტული მედიკამენტის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა დაადასტურა, რომ ჯანდაცვის უწყება მუშაობს ქვეყანაში მონოკლონურ ანტისხეულებზე დაფუძნებული პრეპარატის შემოტანაზე.

"ბოლო პერიოდში აქტიურდება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება. FDA-მ, ასევე ევროპის მარეგულირებელმა მიანიჭა ავტორიზაცია რამდენიმე მწარმოებლის მონოკლონურ ანტისხეულებს. ჩვენ ვმუშაობთ მათთან, რომ რამდენიმე მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა მოხდეს საქართველოში," - განაცხადა თამარ გაბუნიამ "რუსთავი2"-ის კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, აღნიშნული მედიკამენტები მსუბუქ პაციენტებში, ამბულატორიულ პირობებშიც კი გამოიყენება, თუმცა პრეპერატი საკმაოდ ძვირადღირებულია.
"ვფიქრობთ, მომდევნო 3-4 კვირაში ამ მიმართულებით გვექნება გარკვეული პროგრესი. ძვირადღირებული მედიკამენტია, თუმცა ვმუშაობთ, რომ შეღავათიან ფასად შემოვიდეს საქართველოშიც," - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის: ევროკავშირმა, გაერთიანებული სამეფომ, აშშ-მ, კანადამ, იაპონიამ, ინდოეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ მონოკლონურ ანტისხეულებზე დაფუძნებული მედიკამენტი Ronapreve-ი კორონავირუსის სამკურნალო საშუალებად ოფიციალურად დაამტკიცა.
სამეცნიერო კვლევებმა და კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ პრეპარატი ხელს უშლის ვირუსის მწვავე ფორმებში გადასვლას და ამცირებს COVID-19-ით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის რისკებს.

ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, Ronapreve-ი კიდევ ერთი იარაღი იქნება ვირუსთან ბრძოლის არსენალში, თუმცა ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს ვერ ჩაანაცვლებს და მხოლოდ დამხმარე საშუალებად უნდა იქნეს განხილული.
პრეპარატი აშშ-ში REGEN-COV-ის სახელითაა ცნობილი და მისი მიღება ინიექციის ან ინფუზიის გზითაა შესაძლებელი.

დღის ამბები