სპეციალისტები მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, დღიური დადებითობის მაჩვენებელი უფრო სწრაფად დაიკლებს.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობს.
"იმუნიზაციის პროცესის გააქტიურება რომ გვინდა, ეს არის ცალსახა. მით უმეტეს, როდესაც არსებობს ბევრი ნეგატიური ინფორმაცია, რომელზეც ადამიანები რეაგირებენ. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება სწორი საინფორმაციო კამპანიის კიდევ უფრო მაღალ ხარისხში და რანგში აყვანა. ერთადერთი სერიოზული პრობლემა, რასაც ჩვენ ვატყობთ, დიდ ქალაქებში მეტ-ნაკლებად ადამიანების აქტიურობა შეინიშნება, მაგრამ რეგიონებში არის ლოჯისტიკური პრობლემები.
ეს თუ მოხერხდება, სადაც უნდა იყოს მობილურ ბრიგადასთან ერთად, თუნდაც ის ოჯახის ექიმი, რომელიც იმ სოფელზეა პასუხისმგებელი, რადგანაც მას დიდი ნდობაა აქვს და მისი რეკომენდაციით და მეთვალყურეობით მოხდება ვაქცინაციის პროცესი. რეგიონალურ ნაწილში ჩავარდნას, ვაქცინაციის ნელ ტემპს რასაც ჩვენ ვხედავთ, ამას აუცილებლად ზემოთ ამოვწევთ და ამოვქაჩავთ," - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.
საველე ჰოსპიტლებში მკურნალობას განაგრძობენ კოვიდპაციენტები. ქავთარაძის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორი მერაბ ჩიქოვანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტალში მძიმე პაციენტები არ არიან, თუმცა ზოგიერთი მათგანი მეტად საყურადღებოა.