20 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
პარტია "საქართველოსთვის" წევრების თქმით, მათი მხარდამჭერის სახლში პოლიციამ განჩინების გარეშე ჩხრეკა ჩაატარა  

პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი გოგუაძის განცხადებით, მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ძალოვან უწყებებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს.

მისივე მტკიცებით, პარტიის "საქართველოსთვის" მხარდამჭერის სახლში პოლიციამ განჩინების და დასაბუთების გარეშე ჩხრეკა ჩაატარა.

"ხარაგაულში, როდესაც პოლიციის 8 თანამშრომელი შევიდა ჩვენი მხარდამჭერის საცხოვრებელ სახლში და ჩაატარა ჩხრეკა ისე, რომ არ ჰქონდა სასამართლოს განჩინება და ასევე დადგენილება იმის შესახებ, რომ ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო გადაუდებლად. და მათ ასევე არ შეუდგენიათ ოფიციალური დოკუმენტაცია ჩხრეკის ჩატარების შემდეგ. ეს არის მორიგი დაშინების მცდელობა.

ჩვენ საქმის კურსში ვამყოფებთ საერთაშორისო პარტნიორებს, ადგილობრივ ორგანიზაციებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს,“ - აცხადებს პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი გოგუაძე. 

ბრალდებებს უპასუხეს მმართველ გუნდში. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები უახლოეს პერიოდში ამის შესახებ განცხადებას გააკეთებენ.

"დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები უახლოეს პერიოდში ამის შესახებ გააკეთებენ განცხადებას, თუ რაზე დაყრდნობით ჩატარდა ეს ჩხრეკა. დაშინებაზე არ არის საუბარი, დაშინებას შესაძლოა მიმართოს პოლიტიკურმა ძალამ მაშინ, თუ გარკვეული საარჩევნო პრობლემები აქვს მას. მაგრამ მაშინ, როდესაც როგორც პარტიას, ასევე ჩვენი მერობის კანდიდატები ყველა რეგიონში, მათ შორის ცხადია თბილისში, დამაჯერებლად, ფაქტიურად ორჯერ უსწრებენ შემდგომ კანდიდატებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ არის სპეკულაცია,“ -აცხადებს გიორგი ამილახვარი. 

დღის ამბები