26 აპრილი 2024,   17:29
ვრცლად
შსს-მ განმუხურში ბიზნესმენის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ, განმუხურში ბიზნესმენის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინიტრო ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული კ.კ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კ.კ.-მ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ნაცნობს - 1954 წელს დაბადებულ ვ.ვ-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში დანით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები