ყოფილ თანაგუნდელებსა და ახლა უკვე კონკურენტებს შორის შემდგარი შეხვედრის შესახებ კალაძე და გახარია სხვადასხვას ამბობენ. გახარია უარყოფს, კალაძე კი ადასტურებს. ინფორმაციას მათ შეხვედრასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ეხმაურებიან, ამბობენ, რომ პარტია "საქართველოსთვის" და "ქართული ოცნება" ერთი და იგივე პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, თუმცა სხვადასხვა როლის თამაშს ცდილობენ.
პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ გახარია და კალაძე კარგად თამაშობენ იმ როლს, რაც ბიძინა ივანიშვილმა გაუნაწილა.
"ერთი და იმავე პოლიტიკური ძალა, რომელიც სხვადასხვა როლს თამაშობს. ვხედავთ, რომ მათ აქვთ მშვენიერი კონტაქტი და კარგად თამაშობენ იმ როლს, რომელიც ივანიშვილმა გადაუნაწილა,"- აცხადებს მამულაშვილი.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის გრიგოლ გეგელიას თქმით კი, გიორგი გახარიას, როგორც "ქართულ ოცნებასთან", ასევე კახა კალაძესთან აქვს კავშირები.
"ფაქტი არის მრავლისმეტყველი, რომ გახარიას და კალაძეს, გახარიას და "ქართულ ოცნებას" დღემდე აქვთ კავშირი. არის საუბარი, არის დიალოგი, ვფიქრობ ეს მოწმობს, რომ "ქართული ოცნების" ორ ტრადიციასთან გვაქვს შეხება,"-აცხადებს გეგელია.