კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ქალის ტყუპი ახალშობილების მდგომარეობა მძიმეა. კლინიკა "ბომონდის" ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ბარათაშვილის თქმით, 15 დღის ახალშობილები რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან, ორივე ახალშობილი კოვიდინფიცირებულია და მათ პნევმონია აქვთ. მისივე თქმით, მდგომარეობას ახალშობილთა დღენაკლულობაც ართულებს.
"ახალშობილები დედისგან დაინფიცირდნენ 28 კვირის ორსულობაზე დაიბადნენ. შვიდთვიანებიც არ არიან. დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. ორივე კოვიდ დადებითია და რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ. კოვიდური პნევმონია აქვთ. 15 დღის არიან, აპარატზე რჩებიან. კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ, პარამეტრების შემცირებასაც ვერ ვახერხებთ, დღენაკლულობა ამძიმებს. მთელი ფილტვი მოცულია კოვიდური პნევმონიით. ყველა ზომა მიღებულია და ყველაფერს ვაკეთებთ ამ ბავშვების გადასარჩენად. დედიდან დაინფიცირდნენ, ახალი შტამი ბავშვებზეც გადადის. რადგან დედის მდგომარეობა მძიმე იყო, საკეისრო ჩარევა ამიტომ დაჭირდა" - განაცხადა მარინა ბარათაშვილმა.
ბავშვები 19 აგვისტოს გაჩნდნენ. ახალშობილების დედა მდგომარეობის დამძიმების გამო, ოჯახმა თბილისში გადაიყვანა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ის კორონავირუსით გარდაიცვალა.