NCDC-ის ხელმძღვანელი კოვიდის საწინააღმდეგო კამპანიას არასაკმარისად მიიჩნევს და პოლიტიკოსებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში განთავსებული ბილბორდები, რომლებიც ხალხს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, საკმარისი არ არის და ამიტომ სასურველია პოლიტიკოსებმა თავიანთ საარჩევნო ბანერებზე ახალი სლოგანები განათავსონ, რათა მეტი ადამიანის წახალისება მოხდეს.
"მე ბევრჯერ მოვუწოდე ყველა პარტიის, როგორ მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსებს და ახლაც მოვუწოდებ, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ერთი თვის განმავლობაში შინაარსობრივად მთავარი სლოგანი იყოს ის, რომ ყველა უნდა ავიცრათ, რომ აცრა გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს და აცრაზე გადის ქვეყნის განვითარების და თავისუფლების მთავარი გზა. დღეს აცრა არის მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყველა ადამიანის ბანერს მივაწერდი, რომ ერთად წავიდეთ და ავიცრათ. ყველა ამ ადამიანს, რომელიც ბანერზეა, ვთხოვდი, რომ ერთ-ერთ ბანერზე საკუთარი აცრის სურათი დადონ და ხალხს აჩვენონ, რომ დღეს მთავარი არის აცრა.
ჩვენ რომ ვიოცნებოთ, რომ ერთ თვეში არა ერთი, არამედ 2 მლნ აცრა ჩავატაროთ, ამისთვის საჭიროა ყოველდღიურად ჩავატაროთ დაახლოებით 50-60 ათასი აცრა. ეს შესაძლებელია. სექტემბერში რომ ეს გავაკეთოთ, ოქტომბერში გვექნება ბევრად მშვიდი სიტუაცია. შესაძლებელია ამის გაკეთება, თუ გავერთიანდებით. ეს უნდა იყოს მთავარი მიზანი,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.