20 ნოემბერი 2024,   05:18
ვრცლად
რომელი ქვეყნები სთავაზობენ ბუსტერ დოზებს მოქალაქეებს - "დელტა" შტამი მსოფლიოს ქვეყნების მთავარი გამოწვევაა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კატალონიაში ადგილობრივი ხელისუფლება ბიზნესს დისტანციურად მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. იმის მიუხედავად, რომ რეგიონში გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა, გასართობი დაწესებულებები ვალდებული არიან მუშაობა ღამის 12 საათზე დაასრულონ. შეზღუდვები მოქმედებს სტუმართა რაოდენობაზეც, კაფეები, ბარები და რესტორნები შესაძლებლობის 50% იყენებენ, რათა ვიზიტორებმა ერთმანეთთან დისტანციის დაცვა შეძლონ.

შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავენ ახალ ზელანდიაში, სადაც ქალაქი ოკლენდი 13 სექტემბრამდე სრულ ლოქდაუნშია მოქცეული. შეზღუდვები შესაძლოა დაწესდეს ოკლენდის მიმდებარე ქალაქებზეც. კაბინეტი გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ხვალ მიიღებს.

კვლავ მზარდია კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი იაპონიაში. ქვეყნის 47 პრეფექტურიდან 27-ში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყანაში მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ტოკიოსა და მის მიმდებარე პრეფექტურებში გადაუდებელი ზომების გახანგრძლივებას განიხილავენ. ამასთან ერთად ქვეყანაში მოგზაურთათვის კოვიდ სერტიფიკატების შემოღება დეკემბრიდან იგეგმება.
 
ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მზარდია ავსტრალიაში. ახალი სამხრეთ უელსის პრემიერმა საზოგადოებას ვაქცინაციისკენ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა. ქვეყნის მიზანს მოსახლეობის 80%-ის აცრაა. ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანებისთვის კი შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები შემსუბუქდეს.

შეერთებული შტატები კვლავ ლიდერობს ინფიცირების გავრცელების მაჩვენებლით. ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთის შტატებში დაფიქსირდა, იქ, სადაც ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინტენსიური თერაპიის განყოფილებები კი გადატვირთულია. როგორც ექიმები ამბობენ, საავადმყოფოებში ორჯერადად აცრილი ადამიანები თითქმის არ ხვდებიან.

ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას თურქეთშიც. ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელმა ბოლო 24 საათში 20 ათასს გადააჭარბა. შექმნილი ეპიდვითარების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, 6 სექტემბრიდან თვითმფრინავით, ავტობუსით, მატარებლით ან სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო მგზავრობისას 18 წელზე უფროსი ასაკის პირებს ვაქცინაციის მტკიცებულების ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევთ. ასეთივე რეგულაციები ვრცელდება კინოთეატრებზე, თეატრებზე და ხალხმრავალ ღონისძიებებზე.

 

ავტორი: თიკო ცერცვაძე

დღის ამბები